კი არ ახვიდე, შენით შექმენი მწვერვალი

როცა მეწარმე ხარ, შენი მიზნები განსხვავებულია. არსებულ შესაძლებლობებში კი არ ეძებ შენს მომავალს, არამედ თავად ქმნი ამ შესაძლებლობას. განცდა, რომელიც გეუფლება მწვერვალის დაპყრობას კი არ ჰგავს, არამედ ამ მწვერვალის თავად შექმნაა. თუმცა აქამდე მისასვლელად ვებერთელა გამბედაობა, ცოდნა და დაუოკებელი ჟინია საჭირო. სამაგიეროდ შედეგს, რომელსაც იღებ განუმეორებელი გემო აქვს, გემო წარმატების და თვითმყოფადობის.

მოკლედ, ყველაფერი ლამაზად ჟღერს, როცა კითხულობ და გგონია, რომ თავგადასავლებით სავსე ზღაპრულ სამყაროში ჩაშვებას გთავაზობ. სინამდვილეში კი ყოველდღე იმაზე ფიქრით იღვიძებ, რა იქნება მომავალში, გამოვა თუ არ გამოვა. სწრაფად გიწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ირგვლივაც არავინაა, ვისაც რჩევას ჰკითხავ და მით უმეტეს პასუხისმგებლობას გადასცემ. შენზე, დიახ, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ყველაფერი. თუმცა მნიშვნელოვანია, სხვის გამოცდილებას ეზიარო და ის შეცდომები არ დაუშვა, რომელმაც შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს შენი წამოწყება.

 ამ ბლოგში რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც უსიერ ტყეში ბილიკებს გაგიკვალავთ. ეს რჩევები  ძირითადად ძალიან წარმატებულ მეწარმეს – დევიდ როსს ეკუთვნის.

დევიდ როსი ერთ-ერთი პირველი ენჯელ ინვესტორია, რომელიც ინოვატორებს ინვესტორებს აკავშირებს. ახლანდელი მონაცემებით სტარტაპებში 1.8 მილიარდის ინვესტიციას შეიძლება ვუმადლოდეთ მას და მის ჯგუფს, რომლის მთავარი ამოცანა სწორედ ინოვაციური, ონლაინბიზნესების ხელშეწყობაა. 110 წარმატებული პროექტი, ინვესტორების რანგში გუგლი, ფეისბუქი, ამაზონი და აღარ გავაგრძელებ ჩამონათვალს. დევიდის რჩევები მეწარმეებისთვის შემდეგია:

1.ჩამოაყალიბეთ ბიზნესმოდელი (ამისთვის შეგიძლიათ კანვასის ფორმატი გამოიყენოთ: განსაზღვროთ ვინ არიან თქვენი პარტნიორები, როგორია თქვენი შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურა, რა არის მთავარი აქტივობები და რესურსები, როგორ და რა არხებით ურთიერთობთ მომხმარებლებთან).

2.შეიმუშავეთ ბიზნესგეგმა (ბიზნესგეგმაში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მიდგომა, რომელიც თქვენს მომავალ ბიზნესს უკავშირდება. მისი სტრუქტურირება ხდება ისე, რომ შეგეძლოთ საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, კარგი ბიზნესგეგმა ემყარება შემდეგ პრინციპს: დაგეგმე→გააკეთე→შეამოწმე→შეასწორე).

3. შექმენით მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი (Minimum Viable Product) და სწრაფად გაიტანეთ ის ბაზარზე (მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი ყველაზე მნიშვნელოვანი დაშვებაა, რომელსაც თანამედროვე მენეჯმენტი და მეწარმეობა გვთავაზობს. პერფექციონიზმი პროდუქტიულობას ანახევრებს. არასდროს იფიქროთ, რომ ჯერ პროდუქტს დახვეწთ მაქსიმალურად და მერე შესთავაზებთ მომხმარებელს. ასეთი მიდგომა მეწარმეობაში კარგს არაფერს მოგიტანთ. როგორც კი მიხვდებით, რომ პროდუქტი სიცოცხლისუნარიანობის მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, შესთავაზეთ ის მომხმარებელს და მასთან ერთად დახვეწეთ).

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ პროცესებში გადამწყვეტია, ვისთან ერთად აკეთებთ ამ სამ პუნქტს. მეწარმეობის დასაწყისში პროფესიონალ კონსულტანტებთან ურთიერთობა, რომელიც გზას გაგიკვალავთ და სწორად ჩამოგაყალიბებინებთ თქვენი ბიზნესის კონცეპტუალურ მხარეს, რომელიც თქვენი მომავალი წარმატების საფუძველია. როგორც დევიდო როსი ამბობს: “თავის დროზე რომ მიმემართა საჭირო კვალიფიკაციის ადამიანებისთვის, უამრავ დროს, ფულს და ენერგიას დავზოგავდი. წარმატებას უფრო სწრაფად მივაღწევდი და შეცდომებიც ნაკლებად იქნებოდა”.

გახდი მეწარმე, დაიწყე შენი ბიზნესი და შექმენი შენი მწვერვალი თავად!

ავტორი: ლარისა პატარაია

Leave a Reply