რა ბიზნესი დავიწყო 30 000 ლარად Vol.1

რა ბიზნეს იდეა წარვადგინო აწარმოე საქართველოს მიერ გამოცხადებულ 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსზე  (Vol.1)

არავის ეპარება ეჭვი, რომ საკუთარი საქმის ქონა ყველაზე მომხიბვლელი რამ არის. არც არავისზე ხარ დამოკიდებული და თუ იმ საქმეს აკეთებ, რაც იცი და გიყვარს, წარმატებასაც აუცილებლად მიაღწევ. მეწარმეობაში ყველაზე მომხიბვლელი ნამდვილად ის არის, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხარ და თუ საქმეს ალღოს კარგად აუღებ, უკეთეს პირობებს შეიქმნი და სხვებიც შეგიძლია დაასაქმო.

თუმცა, ადამიანებს ხშირად უჭირთ ამ გადაწყვეტილების მიღება: ხან სამსახურს ვერ ელევიან, ხან რისკი აშინებთ. ზოგჯერ მზად არიან სამსახურის მისატოვებლად და რისკის ასაღებადაც, მაგრამ ზუსტად არ იციან, რა ბიზნესი დაიწყონ.

Start – Business Solutions-ში 9 წელია სხვადასხვა ფორმატით ვეხმარებით ადამიანებს ბიზნესის დაწყებაში. ათასობით ბიზნესის დაწყების მსურველს შევხვედრილვართ და თითქმის ყველა ტიპის ბიზნესზე გვიმუშავია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროთ და თან იდეებიც მოგცეთ, რა ბიზნესი შეიძლება დაიწყოთ 30 000 ლარად ან უფრო ნაკლებად, რომელიც წარმატებული იქნება და თქვენს ცხოვრებაში ახალ კარს გააღებს.

  1. პროფესიული სერვისები

თუ თქვენ კარგი ბუღალტერი, აუდიტორი, მარკეტერი ან იურისტი ხართ, დაგროვებული გაქვთ ცოდნა, კვალიფიკაცია, გამოცდილება და ფლობთ კარგ კავშირებს, შეგიძლიათ თქვენი საკონსულტაციო კომპანია გააკეთოთ. შემოიკრიბოთ თქვენნაირი პროფესიონალები, გამართოთ საკომუნიკაციო არხები, ჩამოაყალიბოთ პროდუქტები/სერვისები. ამისთვის ოფისიც არ დაგჭირდებათ, ონლაინ შეგიძლიათ მართოთ თქვენი საქმიანობა. ზუსტად ასე დავიწყეთ ჩვენი კომპანია 5 000 დოლარიანი ინვესტიციით და ჩვენს არაერთ მეგობარს დავეხმარეთ იგივე გზის გავლაში. ამ კომპანიების უმრავლესობას ახლა უკვე მილიონზე მეტი წლიური ბრუნვა აქვს. პარტნიორები ინაწილებენ ბრენდს, საერთო ხარჯებს, თავის საქმეს ემსახურებიან და თან წარმატებული ბიზნესის მფლობელები არიან.

  1. არქიტექტორული/დიზაინ სტუდიო

ამ პროფესიის ადამიანების ერა დაიწყო ფაქტობრივად XXI საუკუნის მეორე დეკადაში. საინტერესო და კარგი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ 20 000 ლარის ფარგლებში იყიდოთ შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერი, სადაც ჩაწერთ ფასიან პროფესიულ პროგრამებს და მოემსახურებით არამარტო ქართულ არამედ გლობალურ ბაზარს. მარკეტინგში ფულის დახარჯვა აუცილებლად მოგიწევთ. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი „პრეზენსი“ გქონდეთ ონლაინ სივრცეში. გრაფიკული დიზაინერების სერვისზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ხშირ შემთხვევაში საუნივერსიტეტო განათლებაც არ არის აუცილებელი და 6 თვიანი გადამზადების კურსების გავლის შემდეგ ინტერიერის დიზაინერის უნარ-ჩვევები შეგიძლიათ შეიძინოთ. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ თქვენს ძირითად საქმიანობასთან ერთად ადგილობრივ მომხმარებელს სარემონტო სამუშაოებსაც შესთავაზებთ. დაიპარტნიორებთ სარემონტო ჯგუფს და სრულ სერვისს გაყიდით. მხოლოდ საქართველოში დაახლოებით 30 000 ბინის მეპატრონეს სურს წლიურად ამ მომსახურების მიღება.

  1. დასუფთავების მომსახურება

ბოლო წლებია მოთხოვნა დასუფთავების მომსახურებაზე სულ უფრო იზრდება. კომპანიების უმრავლესობა ცდილობს აუთსორსზე გაიტანოს ეს სერვისი. აგრეთვე მზარდია ბაზარი ბინების და კერძო სახლების დასუფთავების სისტემატურ სერვისზე. ამ ბიზნესის დაწყებას არ სჭირდება დიდი ცოდნა, მთავარია იყო კარგი ორგანიზატორი, გადაამზადო კადრები, რომელსაც დაასაქმებ, დააწესო სამუშაო სტანდარტები, შეიძინო საჭირო მასალები, აღჭურვილობა და შეძლო დღეში რამდენიმე ობიექტის მომსახურება. განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა ამ სერვისზე ტურისტული სეზონის დროს, როდესაც დღიურად გაქირავებულ ბინებზე მეპატრონეები მუდმივად ეძებენ სერვისის სანდო და მარჯვე პროვაიდერებს. მთავარია, იძებნებოდეთ ონლაინ, დაუკავშირდეთ ბინის მეპატრონეებს და ერთი მანქანის და შესაბამისი აღჭურვილობის ქონის პირობებში შეგიძლიათ დღიურად მინიმუმ 300 ლარი შემოსავალი დააგენერიროთ და ნელ-ნელა გაზარდოთ თქვენი ბიზნესი.

  1. სპეციალური აღჭურვილობის გაქირავების სერვისი

ეს ბიზნესი ძირითადად უფრო სეზონურია და კარგად მუშაობს როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, სადაც ტურიზმია განვითარებული. ამ კატეგორიაში ვაერთიანებთ სათევზაო ან სამთო აღჭურვილობას: კარვებით დაწყებული, საბავშვო გასართობი ბატუტებით დასრულებული. მოთხოვნა დიდია, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ასეთი აქტივობა სეზონურია, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის რათა ზაფხულის არდადეგებზე ალტერნატიული შემოსავლის წყარო გაიჩინოთ და თავი გამოცადოთ მეწარმეობაში. შეგიძლიათ ონლაინ ნახოთ უამრავი ალტერნატიული გასართობი აღჭურვილობა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის როგორც საზღვაო, ასევე მთის კურორტისთვის განკუთვნილი. შეიძინოთ საჭირო ინვენტარი, განათავსოთ ინფორმაცია ინტერნეტში და სახლიდან გაუსვლელად შესთავაზოთ ეს სერვისი პოტენციურ კლიენტებს.

  1. ესთეტიკური/გამაჯანსაღებელი მობილური სერვისები

კოვიდ19 პანდემიის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა სხვადასხვა სერვისზე მოთხოვნა სახლში მისვლით. მაგალითად, თუ მანიკიურის სპეციალისტი ხართ, სტილისტი ან თუნდაც მასაჟისტი,  თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის საჭირო მობილური აღჭურვილობის შეძენა და სერვისის გაწევა არა სალონთან ან კლინიკასთან თანამშრომლობით, არამედ დამოუკიდებლად. ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გაიზარდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები ბავშვებში, რომელსაც სწორი ფიზ. მკურნალობა და მასაჟი სჭირდება. დაწესებულებაში სიარულს კი კოვიდის შიშით ერიდებიან პაციენტები. შესაბამისად, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს ტენდენცია, იყიდოთ დასაკეცი მაგიდები და ეს სერვისი სახლში მისვლით შესთავაზოთ კლიენტებს. იგივე ეხება ფრჩხილის სპეციალისტის საქმიანობას, კოსმეტიკურ და ესთეტიკის სხვა სერვისებსაც. ინტერნეტში ბევრი სხვადასხვანაირი მობილური აღჭურვილობებია ამ მიმართულებით, რომლის არჩევაც და საქართველოში ჩამოტანა პრობლემას არ წარმოადგენს. ადგილზეც შეგიძლიათ შეიძინოთ გარკვეული ნაწილი. ეს იდეა არამხოლოდ ამ დარგის სპეციალისტებისთვის არის საინტერესო გადაწყვეტა საკუთარი საქმის დაწყების, არამედ იმ ადამიანებისთვის ვინც თავის ქალაქში, დაბაში თუ სოფელში ხედავს საჭიროებას. თქვენ შეგიძლიათ, დაგეგმოთ, დააორგანიზოთ ეს პროცესები, დაასაქმოთ სპეციალისტები და საინტერესო ბიზნესი დაიწყოთ, რომელზე მოთხოვნაც მზარდია და ფასებიც შედარებით მაღალი.

 

ამ მიმართულებების გარდა, კიდევ სხვა ბევრი პატარა ბიზნესის დაწყებაა შესაძლებელი მცირემასშტაბიანი ინვესტიციებით, რომელზეც აუცილებლად მოგიყვებით მოგვიანებით.

მთავარია, თქვენ მოინდომოთ და ჩვენ დაგეხმარებით იდეების მოფიქრებაშიც, ინვესტიციების მოზიდვაშიც და ბიზნესის წარმატებით დაწყებაშიც.

 

ავტორი : ლარისა პატარაია

მმართველი პარტნიორი

Start – Business Solutions

 

 

 

Leave a Reply