შენ ხარ მეწარმე

კარგად გახსოვს როცა იწყებდი როგორი რთული იყო პირველი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა თითქმის დაივიწყე ის უარყოფითი მოსაზრებები რასაც სხვები ამბობდნენ შენი იდეის შესახებ. ახლა ისინი უკვე სასიამოვნო მოგონებებად იქცა. ასევეა ის ფიქრებიც რომლებიც ხელს გიშლიდა გაბედულად გადაგედგა ეს ნაბიჯი…

…თითქოს ბოლომდე არც შენ გჯეროდა…  არც იდეის და არც საკუთარი შესაძლებლობების…

გახსენდება ის ადამიანები, ვისთან ერთადაც აპირებდი დაწყებას მაგრამ მათ ან მალევე უარი თქვეს ან ბოლო მომენტში, მაშინ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, სადღაც გაქრნენ… თუმცა ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, სხვა ადამიანები შემოიკრიბნენ შენს გარშემო, რომელთაც ისევე სჯერათ ამ იდეის როგორც შენ…

ოჯახის წევრები გამუდმებით გეუბნებიან რომ ეხლა ამის დრო არ არის და სჯობს კარგი სამსახური მოძებნო ან განათლებას მიხედო. მათ კარგად არ ესმით შენი მისწრაფებები და ინტერესი იმ საქმისადმი რასაც აკეთებ. გიწევს აიტანო ეს ყველაფერი და მაინც არ დრკები. რას იზამ, ასეთია მეწარმის ხვედრი…

რამდენჯერ აღმოჩენილხარ ფინანსური თუ სხვა პრობლემების წინაშე, მაგრამ თითქოს ვიღაცა ან რაღაც ძალა უჩუმრად ყოველთვის გადევნებდა თვალს და საჭირო დროს, საჭირო დახმარებას გიწევდა…

რამდენი უპასუხო ზარი ყოფილა,  რამდენმა ადამიანმა გითხრა უარი და რამდენმა მათგანმა არც კი მოგისმინა ან თუ მოგისმინა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია შენს საუბარს… რამდენი შეგპირდა და მერე დაიკარგა… მაგრამ შენ მაინც არასდროს გიფიქრია გაჩერება და არც არავის ქცევა ჩაგიდია გულში ცუდად. და მზად ხარ რომ ყველა მათგანს დაეხმარო თუ მათ დასჭირდებათ…

თავდაუზოგავი მუშაობა გიწევს. 24/7-ზე და 365-ზე. მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ რადგან ყოველ დილით ერთი სული გაქვს რომ შეუდგე საყვარელ საქმეს და მზად ხარ რომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა…

დრო არ გრჩება საყვარელი ადამიანებისთვის და მეგობრებისთვის, ბევრ დღესასწაულს და ღონისძიებას აკლდები მაგრამ გპატიობენ, რადგან იციან და აფასებენ რომ რთული გზა აირჩიე… გგულშემატკივრობენ და გეხმარებიან კიდეც..

საღამოს, ხანდახან, როდესაც დაღლილი ხარ, სევდიანი ფიქრები შემოგაწვება და ფიქრობ რომ შესაძლოა  არაფერი გამოვიდეს ამ ყველაფრიდან, მაგრამ იმედს არ კარგავ, რადგან იცი რომ ხვალ ისევ გათენდება და ისევ ისეთი დიდი მონდომებით განაგრძობ საქმეს, იმიტომ რომ შენ მეწარმე ხარ, რომელმაც უნდა შეცვალოს სამყარო…

—————

ეს მეწარმის გზის ზოგიერთ რთულ და მნიშვნელოვან მომენტს ასახავს, მაგრამ არ ეხება არცერთ კონკრეტულ ადამიანს. ის, Start – Business Solutions-ის გუნდის წევრების მიერ, მეწარმეებზე, მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვლილ გზებზე რამდენიმეწლიანი დაკვირების შედეგად შეიქმნა. თუმცა ბევრი ალბათ თავის თავს იპოვის.

ჩვენი კომპანია მიესალმება ყველა ახალ წამოწყებას და მხარს უჭერს ყველა ადამიანს რომელიც მეწარმის გზას აირჩევს. და გვჯერა რომ შემთხვევების 80%-ში ყველა იდეიდან და საქმიდან შეიძლება რაიმე გამოვიდეს. მთავარია ნაბიჯი გადადგა…

ავტორი: ჯაბა ბურჯალიანი

Leave a Reply