ერთ-ერთი მთავარსარდალი თავისი საზღვაო ფლოტით ერთ-ერთ ნაპირს მიადგა. სამწუხაროდ ვერ ვიხსენებ მის სახელს (ვკითხე სხვებსაც მაგრამ ვერავინ გაიხსენა), მაგრამ მახსოვს რომ რომელიღაც ცნობილი პიროვნება იყო, ხოლო მისი მიზანი კი ამ ნაპირზე მდებარე ქვეყნის დაპყრობა. მთავარსარდალმა ჯარი სანაპიროზე გადასხა. შემდეგ კი მისი ბრძანებით გემები დაწვეს. ამით მებრძოლებისთვის ცხადი იყო, რომ უკან დასახევი გზა არ რჩებოდა… მთავარსარდალმა გამარჯვება იზეიმა..
ბევრჯერ მინახავს როგორ მსჯელობენ მეგობრები ბიზნესის დაწყების შესახებ. ისინი ყველა დასაქმებულნი არიან სხვადასხვა კომპანიებში და სურთ, პარალელურად, რაიმე საკუთარიც შექმნან. ბუნებრივია… არჩევენ, მსჯელობენ, კამათობენ, შემდეგ იშლებიან. უჭირთ დაწყება… ვერც ერთი მათგანი იღებს გადაწყვეტილებას, რომ თავის თავზე აიღოს მეწარმის ტვირთი… როგორც წესი, იშვიათად გამოდის ასე…
Guy Kawasaki-ს თავის წიგნში The Art of the Start მოყვანილი აქვს მაგალითები იმ სტარტაპების შესახებ, რომლებიც თავდაპირველად კონკრეტული იდეით შეიქმნენ მაგრამ შემდეგ სრულიად შეიცვალეს ბიზნეს მოდელი და სხვა მიმართულებით განვითარდნენ…
წარმატებული მეწარმეები და მკვლევარები ამბობენ, რომ თუ თქვენ ძალიან გინდათ დაიწყოთ საკუთარი საქმე, ბიზნესი, შექმნათ სტარტაპი, მაშინ მთელი თქვენი ძალისხმევა და მონდომება უნდა ჩადოთ ამაში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ ყურადღებას არ მოაკლებთ, იმუშავებთ კონცენტრირებულად, ბევრს იფიქრებთ, უფრო მეტს იმოქმედებთ და, რაც მთავარია, უკან დასახევ გზას არ დაიტოვებთ, მაშინ აუცილებლად გამოჩნდება თქვენი ადგილი ბაზარზე და შედეგებიც არ დააყოვნებს. ამიტომ, თუ გსურთ რომ წარმატებული სტარტაპის ავტორი გახდეთ, მაშინ გადადგით ნაბიჯი, დაწვით გემი და დაიწყეთ ყველაზე საინტერესო ბრძოლა…
ავტორი: ჯაბა ბურჯალიანი