ახალი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები საქართველოში

ბევრი ადამიანი გვიკავშირდება და აინტერესებს თუ რა შესაძლებლობებია ქვეყანაში ახალი ბიზნესის დაფინანსებისთვის. ყველასთვის საინტერესოა რა წყაროები და მეთოდებია ფინანსური რესურსის მოსაზიდად ხელმისაწვდომი საქართველოში.

ამ სტატიაში შევეხებით როგორც ინოვაციური ისე კლასიკური ახალი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. Start – Business Solutions  (startbs.com) 10 წელია  ოპერირებს ბაზარზე და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა ამ შესაძლებლობების ცოდნა და დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება. სტარტი უგეგმავს კლიენტებს ბიზნესის დაფინანსების ოპტიმალურ სტრატეგიებს  და ეხმარება ფინანსებზე ხელმისაწვდომის გაზრდაში.

ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე დაფინანსების შესაძლებლობები შესაძლოა დავყოთ რამდენიმე მიმართულებად:

  1. სახელმწიფო მხარდაჭერა
  2. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერა
  3. შეთავაზებები ფინანსური ინსტიტუტებისგან
  4. ადგილობრივ კერძო ინვესტიციები და ფონდები
  5. საერთაშორისო დაფინანსების პლატფორმები

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1.. სახელმწიფო მხარდაჭერა

თუ თქვენ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამები. (gita.gov.ge ან grants.gov.ge). სააგენტოს აქვს სხვადასხვა ტიპის დაფინანსების პროგრამა რომელიც იდეის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება. ზოგი ჩანასახოვან სტადიაში, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი შემდგარ ახალ ბიზნესს შეეხება. გაითვალისწინეთ რომ ყველა ეს პროგრამა შეეხება ძირითადად ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ბიზნესს. ასევე თქვენი წარმატების შანსები გრანტის მოსაძიებლად იზრდება თუ თქვენი იდეა მსოფლიო მასშტაბითაც ინოვაციურია და გააჩნია გლობალური პოტენციალი.

სახელმწიფო მხარდაჭერის მხრივ ასევე საინტერესოა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამები (enterprisegeorgia.gov.ge). სააგენტო აქვს ახალი ბიზნესის დახმარების სხვადასხვა ტიპის პროგრამები, რომელიც ძალიან ბევრ სფეროს ფარავს. თუმცა ძირითადად ეხება ისეთ მიმართულებებს რომელიც არ არის სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული. გაითვალისწინეთ რომ ამ პროგრამების უმეტესობა არ ეხება ინოვაციურ ბიზნესს, არამედ ნაცნობ, ტრადიციულ ან კლასიკური ტიპის ბიზნესს. თუმცა ეს პროგრამები არ ეხება მხოლოდ წარმოებას, არამედ ტურიზმს, მომსახურებას  და კიდევ ბევრ სხვა მიმართულებას. ეს ძირითადად ეხება შეღავათიანი სესხებით სარგებლობას და სახელმწიფო გარანტიას სესხის აღებისას, თუმცა ზოგიერთი მათგანი საგრანტო რესურსსაც ითვალისწინებს.

ინოვაციური ბიზნეს იდეების დასაფინანსებლად საინტერესოა ასევე სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ (startup.gov.ge), რომელიც პერიოდულად აცხადებს კონკურსს. ამ შემთხვევაში ბიზნეს იდეა შეიძლება შეეხებოდეს ნებისმიერ სფეროს. მთავარია, რომ ის იყოს ახალი მინიმუმ ჩვენს ქვეყანაში. გასათვალისწინებელია რომ ამ პროგრამის მიერ დაფინანსების ტიპის არ არის გრანტი, თუმცა ის საუკეთესო საშუალებაა ახალი ბიზნესის ადრეულ სტადიაზე დასაფინანსებლად, რადგან სრულად მოგყვება ბიზნესის რისკებში.

თუ თქვენი იდეა შეეხება სოფლის მეურნეობას ან ზოგადად ბიზნესის წამოწყებას რეგიონში, მაშინ შეგიძლია ისარგებლოთ სოფლის განვითარების სააგენტოს (rda.gov.ge) პროგრამებით, რომელსაც დაფინანსების მრავალფეროვანი მიმართულებები აქვს. ეს პროგრამები  არ ეხება გარკვეულ ინოვაციურ ბიზნეს მოდელებს, არამედ უკვე ნაცნობ ბიზნესს, რომელიც ან ჩვენს ქვეყანაში ან მსოფლიოში უკვე არსებობს.  სააგენტოს მიმართულებები შეეხება როგორც სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებას (მაგ: ნერგების დარგვა, ერთწლოვანი კულტურების მოყვანა), ასევე გადამუშავებას, შენახვას და ზოგადად გარკვეული ბიზნესის შექმნას სოფლად. პროგრამის ტიპიდან გამომდინარე მხარდაჭერა ითვალისწინებს გრანტს, სესხის სუბსიდირებას ან სახელმწიფო გარანტიას სესხის ასაღებად. თუ თქვენ რეგიონში გსურთ გარკვეული ბიზნესის წამოწყება მაშინ მნიშვნელოვანია რომ მუდმივად ადევნოთ თვალყური სიახლეებს სააგენტოს ვებ-გვერდსა და სხვა საინფორმაციო არხებზე.

2.. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერა

საერთაშორისო ორგანიზაციებში და დონორებში ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ის ორგანიზაცია რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ჩვენი ქვეყნისთვის და ისინი პერიოდულად აცხადებენ სხვადასხვა ტიპის საგრანტო კონკურსს. ასეთებია USAID, UNDP, FAO, ENPARD, GIZ, EU4BUSINESS, World Vision, ავსტრიის განვითარების სააგენტო და ა.შ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების მხარდაჭერის პროგრამებით, რომლებიც პერიოდულად აცხადებენ დაფინანსების პროგრამებს ძირითადად გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიების, კულტურის, სოფლის მეურნეობის, მცირე ბიზნესის და წარმოებების, ქალების გაძლიერებისა და ტურიზმის მიმართულებით.

თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ გრანტი ასეთი ტიპის ორგანიზაციებისგან მაშინ მნიშვნელოვანია რომ მუდმივად ადევნოთ თვალყური მათ მიერ გამოცხადებულ პროგრამებს. მათი დიდი ნაწილი შეგიძლიათ იპოვოთ საიტის jobs.ge-ს ტენდერების განყოფილებაში. ასევე ამ მხრივ ძალიან კარგი წყაროა ვებ პორტალი projects.org.ge, რომელიც სწორედ დაფინანსების შესაძლებლობებზე დებს სხვადასხვა განცხადებებს. მნიშვნელოვანია რომ ამ პორტალზე თქვენ ასევე შეძლებთ იპოვოთ სხვადასხვა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებიც. სამწუხაროდ ამ საიტებზე თითქმის ვერ იპოვით იმ მხარდაჭერის პროგრამებს, რომლებსაც საელჩოები აცხადებენ. ამდენად მოგიწევთ რომ მათ საიტებზე და სოციალურ მედია გვერდებზე ინდივიდუალურად, პერიოდულად დაათვალიეროთ ინფორმაცია.

გარდა ამისა პერიოდულად, დონორების მხარდაჭერით დაფინანსებას ახდენენ სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო და სოციალური ორგანიზაციები, მაგ: ელკანა (elkana.org.ge) -ძირითადად ბიომეურნეობების და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ევროპის ფონდი (epfound.ge) – ძირითადად სოციალური მეწარმეობის მიმართულებით და ა.შ.

3.. შეთავაზებები ფინანსური ინსტიტუტებისგან

აქ ძირითადად მოვიაზრებთ ისეთ შესაძლებლობებს, რომლებსაც გვთავაზობენ ადგილობრივი ბანკები. ამ მხრივ გამოსაყოფია თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ (startuperi.ge) და საქართველოს ბანკის მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაში „500 სტარტაპი“ (bankofgeorgia.ge/en/business/startups).

„სტარტაპერი“ კარგი საშუალებაა ახალი ბიზნესის დასაფინანსებლად თუმცა ბიზნესს გარკვეული ისტორია მაინც უნდა გააჩნდეს იმისათვის რომ ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით. მაგრამ თუ წარმოებას იწყებთ და გჭირდებათ დანადგარი შესაძლოა ისტორიის გარეშეც მოახერხოთ დაფინანსების მიღება. მნიშვნელოვანია ისიც რომ დაფინანსების გარდა ამ პროგრამას გააჩნია სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა, როგორიცაა ტრენინგები, რეკლამა და ა.შ.

„500 სტარტაპი“ (500.co) საერთაშორისო აქსელერაციის პლატფორმაა, რომელიც ახდენს ინოვაციური ბიზნეს იდეების კომპლექსურ მხარდაჭერას. კონკურსი ცხადდება პერიოდულად და მნიშვნელოვანია რომ თვალყური ადევნოთ. წარმატების შანსები ამ პროგრამაში იზრდება თუ ეს მხოლოდ იდეა არ არის და გუნდს გარკვეული მიღწევები აქვს. მნიშვნელოვანია ასევე რომ ბიზნესი უნდა იყოს ინოვაციური და გააჩნდეს გლობალური ზრდის პოტენციალი.

ასევე არის ბაზარზე სხვადასხვა შეთავაზებები რომელიც ბანკებს აქვთ. მაგ: ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა, მზის პანელების დაფინანსების პროგრამა და ა.შ.

4.. ადგილობრივი კერძო ინვესტიციები და ფონდები

ქვეყანაში კერძო ინვესტიციების მოზიდვა კვლავ ისევ ქაოსური და არაორგანიზებულია. ისევ კავშირებით და მეგობრებით, ინდივიდუალური შეხვედრებით და სუფრაზე წყდება, თუმცა გარკვეული ორგანიზებული ფორმები მაინც გაჩნდა, რომელიც იძლევა შესაძლებლობებს ახალი ბიზნესისთვის და განსაკუთრებით ინოვაციურისთვის მოიზიდო კერძო კაპიტალი.

პლატფორმა Axel (axelnetwork.org), რომელიც დიდი ხანი არ არის რაც შეიქმნა. მასში გაწევრიანებულები არიან ინვესტიციებით დაინტერესებული სხვადასხვა პირები. იმისათვის რომ მოიპოვოთ დაფინანსება საჭიროა მიმართოთ მათ და გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ საშუალება მოგეცემათ თქვენი იდეა გააცნოთ მათ წევრ ინვესტორებს. ამ შემთხვევაშიც ბიზნეს იდეა უნდა იყოს ინოვაციური და არა ტრადიციული ბიზნესი (მაგ: ლობიანების საცხობის გაკეთება).

შარქ თენქ საქართველო (sharktank.ge), სატელევიზიო შოუ, რომელიც ასევე დიდი ხანი არ არის რაც დაიწყო. ამჟამად მეორე სეზონი მიმდინარეობს და სპეციალურად მოწვეული ჟიური აფასებს და აფინანსებს ბიზნეს იდეებს ნებისმიერი მიმართულებით. თუმცა აქაც თქვენი წარმატების შანსები იზრდება თუ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, მინიმუმ პროდუქტი მაინც შექმნილია და იდეა არის ინოვაციური. მნიშვნელოვანია რომ შარქ თენქ საქართველოში მონაწილეობის მიღებამდე გაიაროთ კონსულტაცია კვალიფიციურ პირთან ან კომპანიასთან, იმისათვის რომ კარგად მომზადებულ წარდგეთ ჟიურის წინაშე.

კედარი ვენჩარს (kedariventures.com) – ადგილობრივ საინვესტიციო ფონდია, რომელიც ძირითადად აფინანსებს ციფრულ ბიზნესებს. მათი საინვესტიციო პოლიტიკის ნახვა დეტალურად შეგიძლიათ მათ ვებ-გვერდზე.

Cartooli (capital.cartooli.com) – ასევე არის სპეციალური პლატფორმა ინოვაციური ბიზნეს იდეების დასაფინანსებლად. აქაც გარკვეული პროცედურების გავლის შედეგად შესაძლებელია რომ თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია განათავსოთ მათ პლატფორმაზე, სადაც ინვესტორები შეძლებენ გაეცნონ. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ვებ-გვერდზე.

გარდა ამ შესაძლებლობებისა პერიოდულად ცხადდება გარკვეული სტარტაპ კონკურსები და ღონისძიებები, რომელიც იძლევა საშუალებას რომ წარადგინოთ თქვენი ბიზნეს იდეა. გაითვალისწინეთ, რომ უმეტესობა ასეთი კონკურსების მაინც შეეხება ინოვაციურ და ამავდროულად ტექნოლოგიურ ბიზნესს. მნიშვნელოვანია რომ ასეთ კონკურსებში მონაწილეობისთვის გქონდეთ კარგად მომზადებული საპრეზენტაციო ფაილი. ასევე მათი უმეტესობის ორგანიზება ხდება ინგლისურ ენაზე და აუცილებელია რომ გუნდში გყავდეთ შესაბამისი პირი რომელიც ენას კარგად ფლობს.

5.. საერთაშორისო დაფინანსების პლატფორმები

აქ გვინდა ვისაუბროთ რამდენიმე ცნობილ პლატფორმაზე, თუმცა გაითვალისწინეთ რომ ისინი მსოფლიოში უამრავია. თითოეულ მათგანს თავისი პრიორიტეტები და პოლიტიკა აქვს, რომელსაც მნიშვნელოვანია კარგად გაეცნოთ სანამ მიმართავთ, მონაწილეობას მიიღებთ მათ კონკურსებში ან განათავსებთ მათ პლატფორმაზე თქვენს იდეას. ეს პლატფორმები განვიხილეთ ამ სტატიაში რადგან ისინი საქართველოში არსებული სტარტაპების/ახალი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობასაც იძლევა.

Y Combinator (ycombinator.com) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლატფორმაა სტარტაპების დაფინანსებისთვის. ძალიან ბევრი მათგანი აქვს დაფინანსებული. საინტერესოა რომ ადრეულ სტადიაზეც კი აფინანსებს სტარტაპებს. YC პერიოდულად, დაახლოებით წელიწადში 2ჯერ აცხადებს კონკურსს. საიტზე შეგიძლიათ ნახოთ დეტალური ინფორმაცია მათი პირობების და პროცედურების შესახებ.

Indiegogo (indiegogo.com) – ე.წ. „ქრაუდფანდინგ“ პლატფორმაა. შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი საინფორმაციო ვიდეო, რომლის შემდეგაც გარკვეული პროცედურის გავლის შემდეგ შეძლებთ განათავსოთ თქვენი ბიზნეს იდეა ამ პლატფორმაზე. დანარჩენს მათ საიტზეც გაეცნობით. მნიშვნელოვანია, რომ იდეას გარკვეული სოციალური დატვირთვაც ჰქონდეს, რაც თანხის მოზიდვის შანსებს ზრდის.

Kickstarter (kickstarter.com) – ასევე არის ძალიან ცნობილი საერთაშორისო „ქრაუდფანდინგ“ პლატფორმა, თუმცა ძირითად აქცენტს აკეთებს ახალი პროდუქტის შექმნაზე. აქ მნიშვნელოვანი დეტალია, რომ პირდაპირ საქართველოში რეგისტრირებული კომპანიით ვერ მოახდენთ ბიზნეს იდეის განთავსებას მათ პლატფორმაზე. ამიტომ გარკვეული გადაწყვეტები დაგჭირდებათ რომ ეს პლატფორმა გამოიყენოთ.

Fastercapital  (fastercapital.com) – ასევე არის საკმაოდ ცნობილი პლატფორმა და უფრო ჩვენი ტიპის ქვეყნებზე აკეთებს აქცენტს. მნიშვნელოვანია რომ დაფინანსების გარდა მას მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამებიც აქვს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ საიტზე.

როგორც აღვნიშნეთ ასეთი ტიპის პლატფორმები ბევრია მსოფლიოში თუმცა ჩვენ რამდენიმე ყველაზე ცნობილზე გავაკეთეთ აქცენტი და ისეთებზე რომელიც მეტ-ნაკლებად ჩვენს ქვეყანაზეა მორგებული.

 

და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ რომ  დაფინანსების შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანაში პერიოდულად სულ იცვლება. ემატება და მრავალფეროვანი ხდება წყაროები.  ჩვენი კომპანია Start – Business Solutions წლებია ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად იკვლევს ამ შესაძლებლობებს და ეხმარება  არაერთ კომპანიას და პირს ფინანსური რესურსის მოზიდვაში. თითქმის 10 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების რაოდენობამ 400-ს, ხოლო მოზიდული რესურსების რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა.

თუ გსურთ თქვენი ბიზნესისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა და გინდათ, რომ გამუდმებით ფლობდეთ განახლებულ ინფორმაციას, მაშინ ჩვენს საიტზე (www.startbs.com)  შეგიძლია გამოიწეროთ სიახლეები, რის შემდეგაც ჩვენგან ყოველკვირეულად მიიღებთ ინფორმაციას ქვეყანაში არსებული სხვადასხვა დაფინანსების პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ.

გისურვებთ წარმატებებს.

სტარტის გუნდი

სტატიის ავტორი: ჯაბა ბურჯალიანი

 

Leave a Reply