ის არის მთავარი

მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ამაზე ფიქრით იღვიძებს და იძინებს. მისი ფიქრები 24/7-ზე მისკენ არის მიმართული. ის მისით არის შეპყრობილი და გაჟღენთილი. მას სჯერა მისი და უყვარს. ის დარწმუნებულია მასში და ყველგან მასზე საუბრობს, თანაც ხშირად აღტაცებით. ის არის მისი ცხოვრების აზრი და იდეა. მისი დროის უდიდესი ნაწილი მასზე იხარჯება. არასოდეს ზოგავს თავს მისთვის.  ძალიან დაღლილსაც მასზე ზრუნვა სიამოვნებას ანიჭებს და არაფერზე ფიქრობს მის გარდა…

საკითხავი ის არის – ვინ არის ის? ან რომელია? ან სად არის?….

….თითქმის 10 წელია ახალი ბიზნესის თემებზე ვმუშაობთ და უამრავმა ახალმა ბიზნესმა (და სტარტაპმა), მეწარმემ თუ ინვესტორმა გაიარა ჩვენს თვალწინ. ბევრი ვნახეთ წარმატებაც და წარუმატებლობაც, სხვისი და პირადიც. ვაკვირდებოდით  თუ როგორ იკრიბებიან პარტნიორები, მეგობრები, თანამოაზრეები და როგორ მსჯელობენ ახალ იდეებზე და ბიზნესის დაწყებაზე, როგორ გეგმავენ  პროცესებს და ინაწილებენ როლებს, როგორ იწყებენ და დგამენ ნაბიჯებს.  მრავალწლიანმა გამოცდილებამ ბევრი გაკვეთილი გვასწავლა და არაერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შევძელით, რაც   ახალი ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს.

ჩვენი გამოცდილებით, ყველაზე მთავარი რაც დიდ წილად ახალი ბიზნესის წარმატებას განსაზღვრავს,  არის ის ერთი ადამიანი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თავიდანვე გამოკვეთილი. მისი არ არსებობა კი საფუძველშივე ნიშნავს რომ ბიზნესი განწირულია წარუმატებლობისთვის. ამ ადამიანს ჩვენ პირობითად დავარქვით „მეწარმე“. ეს არის ის ვინც ბიზნესის წარმატების მთლიან ტვირთს იღებს თავის თავზე, ვინც მართავს მას და მისთვის არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი სხვა საქმე. მისი დროის და ძალისხმევის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ იდეის განხორციელებაზე იხარჯება.

ამ ყველაფერში გასათვალისწინებელია რამდენიმე რამ:

ეს აუცილებლად არის მხოლოდ ერთი და არა ორი ან სამი ადამიანი.  აუცილებელი და გადამწყვეტია, რომ ეს ადამიანი არ მუშაობდეს სხვაგან და თავისი დროის 100% ამ წამოწყებას მიუძღვნას. და მისთვის ეს უნდა იყოს ყველაზე მაღალი პრიორიტეტი. ხშირად გვინახავს როგორ ცდილობენ სხვადასხვა ჯგუფები დაიწყონ ბიზნესი თავიანი სამსახურის პარალელურად. შეგვიძლია ვთქვათ რომ ასეთი შემთხვევების უმეტესობა წარუმატებლობით მთავრდება.

როგორც წესი ეს ადამიანი არის იდეის ავტორიც თუმცა ეს არ არის აუცილებელი. გვქონია გამოცდილება,  როცა ბიზნეს იდეა სხვას ეკუთვნის მაგრამ მეორე ადამიანი მაქსიმალურად ითავისებს ამას როგორც თავის იდეას და კარგად ირგებს „მეწარმის“ როლს.

და ბოლოს. ყველაზე დიდი დილემა ისაა იყოს ეს უფრო მეტად კვალიფიციური ადამიანი და ითავსებდეს სხვა საქმის პარალელურად თუ იყოს შედარებით ნაკლებ გამოცდილი და კვალიფიციური, მაგრამ ამ იდეით ცხოვრობდეს. არჩევანის შემთხვევაში ჩვენ მაინც მეორეს მივანიჭებდით უპირატესობას.

ასე რომ ნუ გადადგამთ ნაბიჯებს, სანამ ზუსტად არ იცით ვინ არის „ის“, რადგან ეს იქნება ყველაზე სწორი სტარტი ნებისმიერი წამოწყებისთვის. და გახსოვდეთ რომ ნებისმიერ წამოწყებას, თუნდაც ძალიან მცირეს, სჭირდება „ის ერთი“.

 

ავტორი: ჯაბა ბურჯალიანი