რა ბიზნეს იდეა წარვადგინო აწარმოე საქართველოს მიერ გამოცხადებულ 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსზე (Vol.2)
წინა ბლოგპოსტში (იხილეთ პოსტი ლინკზე) ძირითადად ისეთ ბიზნეს იდეები განვიხილეთ, რომელიც პროფესიულ სერვისებს ფარავდა. ამ სტატიაში კი მინდა ყურადღება გავამახვილოთ სხვადასხვა ინდუსტრიაში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოტანაზე. ძირითადად რამდენიმე ტიპის პლატორმაზე ვისაუბრებთ, რომლის მზა ძრავები უკვე არსებობს და ყიდვა/ქირაობა არის შესაძლებელი. შესაბამისად, 30 000 ლარი საკმარისია, რომ ამ პლატფორმების ქართული ვერსიები შეიქმნას და მომხმარებელს შესთავაზოთ პრობლემის გადაჭრის თანამედროვე და ინოვაციური საშუალებები.
- სატრენინგო პლატფორმა
განათლების ინდუსტრია კოვიდ19 პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფი ტემპებით იცვლება. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ განათლების მიღების კლასიკური ფორმები მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. სულ უფრო პოპულარული ხდება სწრაფი გადამზადების კურსები, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წლის განმავლობაში ბევრი ახალი პროფესია იქმნება. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ გადამზადების მსურველს ჰქონდეს საშუალება მასზე მორგებული გრაფიკით მიიღოს ეს შესაძლებლობა. ასეთი ტიპის ინგლისურენოვანი რამდენიმე პლატფორმა უკვე არსებობს. თუმცა, ყველამ არც ინგლისური იცის კარგად და სასწავლო მასალაც უფრო განვითარებული ქვეყნებისთვისაა შექმნილი, ვიდრე ქართული რეალობისთვის. ამიტომ, ძალიან საინტერესოა, შეიქმნას ქართული პლატფორმა, სადაც ადგილობრივ ტრენერებს ექნება საშუალება სახელობითი ონლაინ ტრენინგები შესთავაზოს მომხმარებელს.
ინდივიდუალურ ონლაინ კურსებზე მოთხოვნა მზარდია. შეიძლება რომელიმე ბანკის ან დიდი ორგანიზაციის წამყვანი სპეციალისტი იყო, ძალიან კარგი გამოცდილება გქონდეს დაგროვებული და სწორედ ასეთი პლატფორმის საშუალებით გაუზიარო შენი ცოდნა სხვა ადამიანებს. დიდი ხანია, რაც განათლების დისტრიბუცია გამოვიდა ჩაკეტილი საუნივერსიტეტო სისტემიდან.
ასეთი პლატფორმა ერთის მხრივ, სპეციალისტებს მისცემს შესაძლებლობას თანამედროვე განათლების დისტრიბუცია მოახდინონ და მეორეს მხრივ, მსურველებს გაუხსნის ახალ შესაძლებლობას სწრაფად და ეფექტური გზით დაეუფლონ ახალ უნარ-ჩვევებს.
აღნიშნული და ქვემოთ ჩამოთვლილი თითქმის ყველა სხვა პლატფორმა, მუშაობს როგორც აგრეგატორი: აკავშირებს პროვაიდერს და მომხმარებელთან და ამაში იღებს მომსახურების საკომისიოს.
- რიგის დაჯავშნის პლატფორმა
ეს იდეა არ არის ახალი, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, ისევ აქტუალურია რიგები: რიგები მანქანის სამრეცხაოებში, რიგები სტომატოლოგიურ კლინიკებში და ა.შ.
ძალიან საინტერესო მზა აპლიკაციები არსებობს, რომელიც ქართულ რეალობას შეგიძლიათ მოარგოთ: თარგმნოთ, დახვეწოთ ის არსებული ფუნქციონალი და გახადოთ იგი რელევანტური კონკრეტული ბიზნესებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ ამ აპლიკაციებში კონკრეტული დარგის წარმომადგენლები. უფრო მარტივად კი, მაგალითად შეგიძლიათ გააკეთოთ მანქანის რეცხვის აპლიკაცია, სადაც მანქანის მეპატრონეს შეუძლია დარეგისტრირდეს, შევიდეს აპლიკაციაში და ნახოს უახლოეს პერიოდში მის სიახლოვეს განლაგებულ სამრეცხაოებში სად არის თავისუფალი ადგილი. ბევრი ლოდინისა და თავის ტკივილის გარეშე მიიღოს მისთვის სასურველი მომსახურება. ასეთ აპლიკაციებში ჩართვაზე მიმწოდებლები უარს არ იტყვიან, რადგან ეს არის საშუალება, რომ ბიზნესმა მოცდენების რაოდენობა ფაქტობრივად მინიმუმამდე დაიყვანოს.
როგორ შევარჩიო სერვისი ასეთი აპლიკაციისთვის? – ძირითადი აქცენტი გააკეთეთ ისეთ მომსახურებაზე, სადაც ბევრი პროვაიდერია, სერვისი ხშირად მოხმარებადია და წინასწარი დაგეგმვის გარეშე მიიღება მის გამოყენებაზე გადაწყვეტილება.
მაგალითები: სალონის მომსახურება, სტომატოლოგთან არაგეგმური ვიზიტი, რესტორანში ადგილის მყისიერი დაჯავშნა, ავტომობილის რეცხვა და სხვა.
- სესხის/დაზღვევის პირობების შედარების პლატფორმა
სერვისების პირობების შედარების პლატფორმებმა დიდი რევოლუცია მოახდინეს ზოგადად ბიზნეს სამყაროში. მაგალითად, აშშ-ში დაზღვევის ხელმისაწვდომობა სწორედ მაშინ გაიზარდა, როდესაც პირველი ასეთი საიტი შეიქმნა, სადაც სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიის შეთავაზებები იყო განთავსებული. დაზღვევა, სესხი ის პროდუქტებია, რომლებშიც საკმაოდ დიდი კვალიფიკაცია და გამოცდილებაა საჭირო, რომ სწორი არჩევანი გააკეთო. მოქალაქეებს კი ფაქტობრივად არავინ ასწავლის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებები ერთმანეთს შეადაროს და უფრო გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს.
ამ შემთხვევაში ბიზნეს მოდელი ითვალისწინებს მომხმარებლისგან კომპენსაციის გადახდას. თუ ინდივიდუალური კონსულტაცია შესაბამისი სპეციალისტის ძვირია და ყველას არ აქვს საშუალება სესხის აღებამდე იურისტი დაიქირაოს ან დაზღვევის პროფესიონალთან გაიაროს ყველა დეტალი, ეს პლატფორმა მისცემს საშუალებას ნაკლები დანახარჯებით უფრო გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს და რისკები შეიმციროს.
ასეთი პლატფორმების, მათში ჩაშენებული სხვადასხვა თანამედროვე ფუნქციონალის, სწორედ ის არის, რომ სერვისები რომელსაც ადრე მხოლოდ ერთეულები მოიხმარდნენ, რადგან მხოლოდ მათ შეეძლოთ საკუთარი თავისათვის ამის უფლება მიეცათ, ახლა ფართო აუდიტორიისათვის ხდება ხელმისაწვდომი.
ასეთი პლატფორმა თუ უძრავი ქონების ინდუსტრიაშიც გაჩნდება, აუცილებლად ეყოლება მომხმარებელი.
- ონლაინ პროფესიული კონსულტაცია
წინა ნაწილში შევეხეთ იმას, თუ რამდენად რთული და ძვირია კარგი სპეციალისტისგან კონსულტაციის მიღება. დიდი რესურსი იხარჯება როგორც დროის, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც. ჯერ უნდა იპოვოთ ადამიანი, ვინც იგივე ამოცანის წინაშე იდგა, კითხოთ მას, თუ როგორ და ვისი დახმარებით გადაჭრა პრობლემა. შემდეგ უნდა მოიძიოთ ინტერნეტში, სანდოობის ბუნდოვანი მექანიზმების გამოყენებით აარჩიოთ თქვენთვის საჭირო ადამიანი და ორი თვის შემდეგ ჩაეწეროთ მასთან კონსულტაციაზე.
ონლაინ პროფესიული კონსულტაციის პლატფორმა ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის ადამიანებისათვის პროფესიული რჩევის მიღების შესაძლებლობას. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს პლატფორმა, სადაც თემატურად დაჯგუფებულია კონსულტანტები/სპეციალისტები. ისინი პროფილებით არიან წარმოდგენილი, ვისაც სერვისი გაუწიეს იმ ადამიანების ობიექტური შეფასებებით. ამ პლატფორმის გამოყენებით უმოკლეს დროში არჩევს კლიენტი საჭირო პროფესიონალს და ამავე პლატფორმაზე ჯავშნის მასთან ონლაინ ვიზიტს.
ესეც აგრეგატორის ტიპის პლატფორმაა, რომელიც მსურველსა და სერვისის გამწევს ერთმანეთთან აკავშირებს და ამაში სერვისის გამწევი უხდის მას საკომისიოს.
ალბათ დამერწმუნებით, რომ კარგად იმუშავებს ეს პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ იხტიოლოგს, არქიტექტორს, ფსიქოლოგს, იურისტს. ადამიანებს პროფესიონალებისგან რჩევები სჭირდებათ თავიანთი საქმიანობის გასაუმჯობესებლად, პირადი საკითხების მოსაგვარებლად და თუნდაც ალტერნატიული აზრის მოსასმენად.
- E-commerce
ამ ბლოგის ბოლოს კი აუცილებლად უნდა შევეხოთ ელექტრონულ კომერციას. ვაჭრობა წამყვანი დარგია ქართულ ეკონომიკაში. ის ზოგჯერ საკმაოდ მომგებიანი და არც თუ ისე მაღალ რისკიანია. კოვიდ19 პანდემიამ კი უფრო გაამრავალფეროვნა და მიაჯაჭვა ადამიანები ონლაინ შოპინგს. ტექნოლოგიები ისე დაიხვეწა, შეგიძლიათ აუგმენტური რეალობის გამოყენებით მომხმარებელს ტანსაცმელი ონლაინ მოარგოთ, ან ავეჯი თავისი სახლის ინტერიერში ჩაუსვათ. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვროა.
თუ ვაჭრობაში გაქვთ გამოცდილება, სწორედ ის დროა E-commerce-ზე გადახვიდეთ. შეგიძლიათ იქირაოთ ასეთი მზა ძრავზე აწყობილი პლატფორმები და სხვადასხვა მიმწოდებელი გააერთიანოთ. შექმნათ თემატური ონლაინ მაღაზიები და მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოთ კლიენტებს.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა იდეის განხორციელებას ფულიც სჭირდება, ბიზნესის ალღო, განათლებაც და დიდი ძალისხმევაც. მაგრამ, სხვანაირად შეუძლებელია თქვენი წარმატებული საქმე დაიწყოთ. ამ იდეების დახვეწას და რეალობად ქცევას სტუდენტებიც კი შეძლებენ. გამოიყენეთ გარემოში არსებული შესაძლებლობები და თავად შექმენით თქვენი მომავალი.
ავტორი : ლარისა პატარაია
მმართველი პარტნიორი
Start – Business Solutions