მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

24.01.2024

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, სოფლის განვითარების სააგენტოს, საგრანტო პროგრამაზე:

 

  1. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ასევე, პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და მოქნილობის ხელშეწყობა.

 

პროგრამის პირობები:

პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით ძირითადი საშუალებების შეძენის/შექმნის და სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებით/მიზნობრიობით:

  • რძის პირველადი წარმოება – შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება, ასევე მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არაუმეტეს 5 კვტ სიმძლავრე, იმ პირობით რომ მზის პანელების შეძენა/მონტაჟის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს);
  • ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება-ვეტერინარული საქმიანობისა და ხელოვნური განაყოფიერებისთვის  საჭირო ინვენტარის და აღჭურვილობის შეძენა;
  • ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაცხოვრებელი) – არაუმეტეს 100 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;

 

გეოგრაფიული არეალი:

  • ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიზნობრიობის შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა რეგიონიდან.
  • რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
  • რძის გადამამუშავებელი საწარმო და რძის შემგროვებელი პუნქტის შემთხვევაში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.
  • „ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის“ (არაუმეტეს 100 კვადრატული მეტრის სათბურის მოწყობა) მიზნობრიობის შემთხვევაში განაცხადების მიღება მოხდება შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი.

 

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს:

  • პროგრამის მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.
  • პროგრამის მონაწილეს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
  • უძრავი ქონება, სადაც უნდა განხორციელდეს განაცხადით გათვალისწინებული თანხის ინვესტირება, უნდა იყოს პროგრამის მონაწილეობის მსურველის პირად საკუთრებად რეგისტრირებული სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით

 

დაფინანსების და თანამონაწილეობის პირობები:

გრანტები მერყეობს 25 000 -108 000 მდე, დამოკიდებულია მიმართულებაზე და ბენეფიციარზე.

დაფინანსება განსაზღვრულია შემდეგი მიმართულებებით:

  1. რძის პირველადი წარმოება (რძის მწარმოებლები)
  2. მომსახურების პროვაიდერი (ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტერინარული მომსახურება)
  3. რძის გადამამუშავებელი საწარმო და შემგროვებელი პუნქტი (საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი, რძის შემგროვებელი პუნქტი, რძის მცირე გადამამუშავებელი, რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე)
  4. ალტერნატიული საქმიანობა (ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის)

 

პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Leave a Reply