კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პროგრამები

12.06.2022

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად არსებულ, სოფლის განვითარების სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე:

  1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის, მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგრო-ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა.

პროგრამის პირობები:

  • პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს.
  • პოტენციურ ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, რომლებიც გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰა-ს.
  • მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა, უნდა იყოს რეგისტრირებული პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში.
  • სააგენტოს მიერ უნდა დასტურდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე კენკროვანი კულტურების ბაღების არსებობა.

თანადაფინანსების პირობები:

  • პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80,000 ლარისა.
  • 1 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღზე გადაანგარიშებით შესანახი მაცივრ(ებ)ის თანადაფინანსების/ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს და ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური ტევადობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 0.8 ტონას.
  • მაცივრ(ებ)ის ერთი ერთეული შესანახი კამერის მოცულობა გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 ტონა კენკროვანი კულტურის შენახვაზე.

 

პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება 3 მაისიდან და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე.

 

  1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა.

პროგრამის პირობები:

  • პროგრამა ითვალისწინებს ახალი, მშრალი ან/და სამაცივრე, შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას.
  • პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას.
  • შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 500 ტონას.
  • პროგრამა ითვალისწინებს შემნახველი საწარმოსათვის, მხოლოდ ძირითადი საშუალებების (შენობა-ნაგებობისა და მანქანა-დანადგარების) შეძენის/შექმნის თანადაფინანსებას.

 

თანადაფინანების პირობები:

  • სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს ძირითადი საშუალებების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80%-ს არაუმეტეს 450,000 ლარისა.

 

გეოგრაფიული  არეალი

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.

პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი და შესაბამისობის კრიტერიუმები:

  • პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს.
  • პოტენციური ბენეფიციარის თითოეული მეპაიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ1 ჰა-ს.
  • პოტენციური ბენეფიციარის ან/და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 ჰა-ს.

 

პროგრამაში განაცხადების მიღება იწყება 10 მაისიდან.

 

  1. მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა.

თანადაფინანსების პირობები:

  • პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის 70%, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.
  • კოოპერატივები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.
  • გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე.

 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი აღჭურვილობა :

  • ხის სკა;
  • თაფლის საწური (ციბრუტი);
  • თაფლის შესანახი ავზი;
  • ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით;
  • ფიჭის ანათლის ავზი;
  • ელექტროდენის ძაბვის გადამყვანი 220V-დან 12V-ზე.

ბენეფიციარი, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობა მოთხოვნილის იდენტური ოდენობით.

 

პროგრამაში განაცხადების მიღება განახლებულია.

 

Leave a Reply