მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

11.04.2024

გაწვდით ინფორმაციას ამჟამად გამოცხადებულ, სოფლის განვითარების სააგენტოს, თანადაფინანსების პროგრამაზე:

1. მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა
პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი და ჩაის ხელის საკრეფი) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის პირობები:
• პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.

ბენეფიციარი შესაძლებელია იყოს:
• საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირი (მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.
• პროგრამის ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

გრანტის და თანადაფინანსების პირობები:
• სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარისა.
• ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში – არაუმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 1000 ლარისა.
შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), კერძოდ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ორ პირობას:
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე.
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება 11 აპრილს 12 საათიდან.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.