სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა

9.02.2023

გამოცხადებულია, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო პროგრამა:

 1.მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა (ახალქალაქის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტები )

პროგრამის მიზანია სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მიგრაციული პროცესების შეჩერების ხელშეწყობა.

ასევე, პროგრამა მიზნად ისახავს მესაქონლეობის განვითარების და რძის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას.

პროგრამის პირობები:

  • კომპონენტი ითვალისწინებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. კოთელიაში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. განახლებაში და წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ტბეთში (ხადიკი) დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის ასაშენებელი საწარმოების გადაცემის მიზნით ბენეფიციარი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გამოვლენას კონკურსის გზით.
  • საწარმოების აშენებისა და გადაცემის შემდგომ, კოოპერატივები 8 წლის განმავლობაში დაფარავენ საწარმოს საბაზრო ღირებულების 25%-ს მთავრობის დადგენილებით და ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.
  • ერთი ერთეული საწარმოო ინფრასტრუქტურის საორიენტაციო (სავარაუდო) ღირებულება შეადგენს 6,000,000 ლარს (თითოეული საწარმოს საბაზრო ღირებულება დადგინდება საწარმოების აშენების და სრულად აღჭურვის შემდგომ).

 

ბენეფიციარისთვის საჭირო კრიტერიუმები:

  • პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
  • მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ არანაკლებ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;
  • პოტენციური ბენეფიციარის მეპაიე თითოეულ კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს (ერთობლივად) საკუთრებაში ჰყავთ არანაკლებ 200 სული ფური და/ან დეკეული;
  • ფური და/ან დეკეული, რომელიც პოტენციური ბენეფიციარის რამოდენიმე მეპაიე კოოპერატივის საკუთრებაში ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში ფიქსირდება ჩაითვლება ერთ სულად;
  • პოტენციურ ბენეფიციარს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
  • პოტენციური ბენეფიციარი არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში.

 

განაცხადები მიიღება 2023 წლის 1 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

Leave a Reply